Forbes-ის ვერსიით, საუდის არაბეთის „ალ-ნასრასა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში 2024-25 წლების სეზონში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.
გამოცემამ 39 წლის პორტუგალიელი სპორტსმენის შემოსავალი ფეხბურთში 285 მილიონ დოლარად შეაფასა, საიდანაც 220 მილიონი დოლარი კლუბიდან, კიდევ 65 მილიონი კი არასაფეხბურთო საქმიანობიდან აქვს.
Forbes აღნიშნავს, რომ ყველა სპორტსმენს შორის, რომელსაც ჟურნალი 1990 წლიდან აკვირდება, მხოლოდ მოკრივე ფლოიდ მეივეზერმა შეძლო ერთ წელიწადში კიდევ უფრო მეტი შემოსავლის მიღება.
რეიტინგში მეორე ადგილი ამერიკული „ინტერ მაიამის“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ დაიკავა 135 (60+75) მილიონი დოლარის შემოსავლით.
მესამე ადგილი წილად ხვდა საუდის არაბეთის „ალ-ჰილალისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელს ნეიმარს, რომლის შემოსავალიც ჟურნალმა 110 (80+30) მილიონ დოლარად შეაფასა.
Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი 2024/25 წლების სეზონში 983 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ამასთან, ამ თანხის უმეტეს ნაწილს საუდის არაბეთის კლუბების ფეხბურთელები იღებენ.
კრიშტიანუ რონალდუ Forbes-ის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგს ზედიზედ მეორედ და 10 წლის განმავლობაში მეექვსედ ლიდერობს.
2022 წელს პირველი ადგილი საფრანგეთის ნაკრების და იმდროინდელი ფრანგული კლუბის „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ დაიკავა. 2018-2020 წლებში სიის ლიდერი მესი იყო.