დეკანოიძე და უგულავა შეეცადნენ, საღებავით დაეფარათ საკუთარი დანაშაული, ვინაიდან „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი მათ დანაშაულს ასახავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი ხატია დეკანოიძისა და გიგი უგულავას მიერ ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერის გადაღებვას გამოეხმაურა.
„გუშინ რაც ვნახეთ, ამან დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით, დაადასტურა მათი მიზანი. ისინი შეეცადნენ, გარკვეული საინფორმაციო შტურმით დაეფარათ საკუთარი დანაშაული. ბოლოს შეეცადნენ, საღებავით დაეფარათ საკუთარი დანაშაული, ვინაიდან ეს ბანერი მათ დანაშაულს ასახავს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრი იყოს ასეთი ბანერი და რაც შეიძლება ხშირად შეხედონ მას ქალბატონმა ხატიამ, გიგი უგულავამ, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები – დიახ, მე ომი მინდა. ამ ბანერს უნდა შეხედოს გიგი უგულავამ და თვალებში ჩახედოს თავის დანაშაულს, ვინაიდან ზუსტად ამ მომავალს უმზადებდნენ ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, გახარია, „ახლები“, ყველა ეს კოლექტიური ოპოზიცია, რომელიც, სინამდვილეში, გარედან იმართება. უმზადებდნენ მომავალს, რომელსაც ამ ფოტოებზე ვხედავთ. კარგია, რომ ეს რეაქცია ჰქონდათ, როგორც ჩანს, საკუთარი დანაშაულის სარკეში როცა ჩაიხედეს და საკუთარი დანაშაული დაინახეს, პროპაგანდით ვეღარ დაფარეს და შეეცადნენ, საღებავით დაეფარათ. რაც შეეხება აქციას ამ ბანერებთან დაკავშირებით, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, სად მიგვაქანებდა ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც 2022 წლის თებერვალ-მარტში რუსთაველის გამზირზე იდგნენ და ითხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ცის ჩაკეტვას და ასე შემდეგ. ზუსტად იმ სცენარისკენ მიგვაქანებდნენ, რომელიც იქ არის აღწერილი. ასე რომ, ამ ბანერებს უნდა უყურონ და საკუთარ დანაშაულს ჩახედონ თვალებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.