წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდი, ოპოზიციამ ვერ შეძლო, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, რაღაც ისტერია შემოეტანა წინასაარჩევნო გარემოში, ამას ადასტურებს ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, არის მცდელობა ისეთი საინფორმაციო ველის შექმნის და დამკვირვებლების დარწმუნების, თითქოს საარჩევნო პერიოდში საქართველოში რაღაც ხდება.
„ზუსტად ეს შეიძლება, იყოს მიზანი, შემოიტანონ ისტერია საზოგადოებაში, დააბნიონ საზოგადოება, არჩევნებზე მოახდინონ უკანონო გავლენა, ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მოახდინონ გავლენა. რაც შეეხება მეთოდებს, ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ვხედავთ, რომ ოპოზიციისთვის იყო დიდი იმედგაცრუება, მიზანმიმართულად ხდება საინფორმაციო ხმაური და ისეთი საინფორმაციო გარემოს ან ველის შექმნა, რომელმაც უნდა შეუქმნას დამკვირვებლებს აღქმა, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ხდება საქართველოში, ადმინისტრაციული რესურსის თუ ძალადობის სახით. რაც შეეხება ყალბ ჩანაწერებს თუ ფაბრიკაციებს, ზუსტად ეს არის, რომ შექმნან ყალბი ამბავი, რომელიც გამოიწვევს ემოციებს საზოგადოებაში და შესაბამისად, მოახდენს გავლენას მათ ნებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომ „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები გეგმავენ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებას, რომლებშიც გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და გამოსახულება“.