გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა, თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ოპონენტები ბინძური მეთოდით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„იმდენად არის გაოგნებული რადიკალური ოპოზიცია ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრით, რომ მსგავსი ბინძური მეთოდით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერის მიერ გავრცელებული ტყუილი არის ბინძური პროვოკაცია, ჩვენ ამ სიცრუეს განვიხილავთ წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. ამიტომ, მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყონებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.