სასტუმრო „შერატონ მეტეხში“ გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა – 2023-2024 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა.
სამეული ასე გამოიყურება
1. გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“)
2. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)
3. გიორგი მიქაუტაძე („მეცი“/„ლიონი“)
მამარდაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლიდან გამოდის. 2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში, საბერძნეთთან პენალტების სერიაში მამარდაშვილმა ბერძენთა გუნდის კაპიტნის, ანასტასიოს ბაკასეტასის დარტყმული პენალტი მოიგერია, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქართველი ფეხბურთელების საბოლოო წარმატებაში.
გიორგიმ 2023-24 წლების სეზონში „ვალენსიის“ მაისურით ლა ლიგაში 38-დან 37 შეხვედრა ჩაატარა, ერთი მატჩი „ბარსელონასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა. გიორგიმ 13-ჯერ შეძლო კარის „მშრალად“ შენახვა და რამდენიმე ვერსიით, ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.
გიორგიმ ევროპის ჩემპიონატზეც მაღალ დონეზე ითამაშა. რამდენიმე გამოცემამ და ანალიტიკურმა ვებგვერდმა ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარა. შედეგად, transfermarkt-მა ქართველი მეკარის შეფასება 45 მილიონ ევრომდე გაზარდა.
გაზეთი „სარბიელი“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს 1993 წლიდან ასახელებს.
[პირველი არხი]