პრეზიდენტის დახმარებით „ქოცებმა“ ოპოზიცია საკუთარ ანკესზე წამოაგეს, წარმოიდგინეთ პრეზიდენტი როგორც ტროას ცხენი, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში შეაგზავნეს, ძვირფას ოპოზიციას ზედ წინასაარჩევნოდ ააფეთქებს ტექნიკური მთავრობით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
“ჩემი აზრით, „ქოცებმა“ პრეზიდენტის დახმარებით ოპოზიცია საკუთარ ანკესზე წამოაგეს. პრეზიდენტი წარმოიდგინეთ, როგორც ტროას ცხენი, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში შეაგზავნეს და ზედ არჩევნებზე ააფეთქებს. პრეზიდენტი ტექნიკურ მთავრობაზე იმ ხალხს ელაპარაკება, რომელსაც პრემიერობა ოცნებად აქვთ ქცეული. სწორედ ამ ხალხს ეუბნება, რომ პრემიერს დაგინიშნავთო და თან არაპოლიტიკოსსო. ესეც არ იკმარა და ზედ მთავრობის წევრებსაც დავნიშნავ, თქვენ კი, ერთი წლის განმავლობაში, უსაქმურად იყავითო. ახლა ქარტიის ხელმომწერ პოლიტიკოსებს ეს არ მოსწონთ და ცდილობენ, ამ უხერხული სიტუაციიდან რამენაირად გამოძვრნენ.
ჩემი აზრით, პრეზიდენტი ბოლომდე მიაწვება და ძვირფას ოპოზიციას ზედ წინასაარჩევნოდ ააფეთქებს ტექნიკური მთავრობით. ვისაც პრეზიდენტი ოპოზიციონერი ჰგონია, ის იდიოტი მგონია, რადგან ავიწყდებათ, ბატონ ბიძინას სალომე ზურაბიშვილისთვის რამხელა სიკეთე აქვს გაკეთებული და მისთვის იმედი არც ზურაბიშვილს გაუცრუებია. ის ყოველთვის შესანიშნავად ახერხებს, რომ ათასნაირი სულელური იდეებით ოპოზიცია მოამარაგოს და თავის დაკრულ მუსიკაზე აცეკვოს. შემდეგ ოპოზიციას არაფერი რომ არ გამოსდის, უკვირთ, რადგან ფიქრობენ, პრეზიდენტი ხომ ჩვენ გვერდით არის და რატომ არ გამოგვდისო. ვინც მათი დანიშნული და არჩეული არ არის, მისი იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. ვინც უძალიანდებოდა, გახარია იყო, მაგრამ ბოლოს მან ქარტიას ცეკვა-ცეკვით მოაწერა ხელი. პრეზიდენტმა გასაგებად უთხრა, თუ ხელს აწერდით, შესრულებაც უნდა იცოდეთო. ყველა ისევ ოთხ ფეხზე დადგა და შემდეგ თქვეს, არა, ყველანი ვრჩებითო. მგონი, ამათ არაფერი აღარ უშველით, ახლა სალომე ზურაბიშვილთან ერთად უნდა იყვნენ და მისი კაპრიზები შეასრულონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.