სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი არის ომსა და მშვიდობას, მონობასა და სუვერენიტეტს შორის. უცხოური აგენტურის წარმომადგენელმა ამაზე მეტი რაღა უნდა ილაპარაკოს?
„ზურაბიშვილმა პირდაპირ გულწრფელად თქვა – ჩემს პატრონებთან წავედი და თუ ამას მოაწერთ ხელს, მიგიღებთ და რევოლუციის მოწყობაში დაგეხმარებითო. ზურაბიშვილმა ეს პირდაპირ აღიარა”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ქარტიასა და ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მაჭარაშვილის თქმით, კონსტიტიციით ზურაბიშვილს არავინ ეკითხება ქვეყნის მართვას.
„ეს ხალხი ამბობს, რომ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოდიან და რა ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ? უმრავლესობით თუ მოდიან, მთავრობა უმრავლესობამ ჩვეულებრივ უნდა წარადგინოს, მაგრამ მათაც და მათმა პატრონებმაც კარგად იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. ვითომ – ქვეყნის, სინამდვილეში კი „ნაცების“ პრეზიდენტი გამოდის და მათ სათქმელს ამბობს. სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი არის ომსა და მშვიდობას, მონობასა და სუვერენიტეტს შორის. უცხოური აგენტურის წარმომადგენელმა ამაზე მეტი რაღა უნდა ილაპარაკოს? კარგია, აღარ მალავენ, რომ საქართველო ჰყავთ გაწირული, რათა პროცესები უცხოური ძალების სასარგებლოდ წარმართონ. როდესაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას პატივს არ სცემ და შენი ქვეყნის სუვერენიტეტს არ აღიარებ, კონსტიტუციაზე მაღლა სადღაც დაწერილ ქარტიას თუ მონობის უღელს აყენებ, სწორედ ეს არის მონობის დამადასტურებელი. ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მიზანია ის, რა მიზანიც ამოძრავებს უცხოურ ძალას საქართველოში – ქვეყანაში იყოს ნიჰილიზმი და რადიკალიზმი. სალომე ზურაბიშვილის ბოლო ბრიფინგიც საკმარისია, დაინახო, როგორ ჩავიდა ის უცხოეთში და როგორ დაალაგეს საქმე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.