რა შუაშია ვინმეს დაცინვა, პირიქით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ეს ყველა პლატფორმაზე გამოიხატა, - განუცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე საუბრისას „იმედის კვირას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, საქართველო 600-ზე მეტ რეზოლუციას მიუერთდა, როდესაც ათობით ქვეყანა თავს იკავებდა და რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინას სასარგებლოდ იყო. მისივე თქმით, ქვეყანამ ათობით ათასი უკრაინელი შეიფარა და სოციალური დახმარება დაუნიშნა. ჰუმანიტარული დახმარებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
„ეს მეგობრობა, სამწუხაროდ, მთავრობების დონეზე ცალმხრივია, თუმცა ჩვენ გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს და ეს რა თქმა უნდა, გაგრძელდება.
ხელისუფლების მიმართულებით რომ ვთქვათ, იქ ძალიან ბევრი ისეთი ნაბიჯი გადაიდგა ომამდეც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენს მეგობრობასა და ინტერესებს. საყოველთაოდ და მსოფლიოში ცნობილი კრიმინალები, მსჯავრდადებულები, რომლებიც საქართველოდან გაიქცნენ, ბატონი ადეიშვილია ამის ყველაზე კარგი მაგალითი; იმ დროს - მიხეილ სააკაშვილიც; შემდეგ - ლორთქიფანიძე, ვანო მერაბიშვილის მოადგილე. ძალიან მაღალ თანამდებობებზე დანიშნეს და რა თქმა უნდა, ეს არამეგობრული ჟესტი იყო“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.