ბოლო 13 დღე უნდა იყოს სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ ჩვენ დავიხსნათ ქვეყანა იმ მარწუხებისგან და იმ ღალატის მთავრობისაგან, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას მართავს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„სამეგრელო და ზუგდიდი, განსაკუთრებით, არის არაჩვეულებრივი ქალაქი, არაჩვეულებრივი ტრადიციებით, არაჩვეულებრივი ხალხით. რაც ყველაზე მთავარია, პოლიტიკური სამართლიანობით გამოირჩევა ეს ქალაქი. მე მინდა, რომ, აი, ახლა, ამ მომენტში, ყველამ ერთად წარმოვიდგინოთ, რომ 13 დღეში გვაქვს უზარმაზარი შანსი გამარჯვების და ეს შანსი აუცილებლად ჩვენს ხელშია, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო და დავიწყოთ ახალი ცხოვრება, ახალი, ძლიერი საქართველოს მშენებლობა.
ვინც აქ ხართ, ვინც ახლა გვიყურებს, სამშობლოს ბედი თითოეული თქვენგანის ხელშია. ბოლო 13 დღე უნდა იყოს სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ ჩვენ დავიხსნათ ქვეყანა იმ მარწუხებისგან და იმ ღალატის მთავრობისაგან, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას მართავს. რატომ არის ეს ასე? სამი ფაქტორი მინდა გამოვყო ქართული ოცნების.
პირველი ფაქტორი არის ის, რომ ისინი მთელი 12 წლის განმავლობაში ქვეყანას აცხოვრებენ ტყუილში და მე მგონი ზედმეტია იმის შეხსენება და გამეორება, თუ რამდენი ტყუილი დაარიგა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ჩვენ ქვეყანაში და არაფერი არ შესრულებულა.
მეორე ფაქტორი, რომლითაც ისინი გამოირჩევიან. აი აქ, სულ რამდენიმე კილომეტრში, თქვენ იცით, რომ 2020-ში ჩვენ პირველი გემი უნდა მიგვეყო ანაკლიაში, რომელიც შეცვლიდა არამარტო სამეგრელოს, არამედ მთელი საქართველოს ცხოვრებას. გავხდებოდით ფუნქციის მატარებელი, გავხდებოდით ტვირთის გამანაწილებელი, გავხდებოდით სერიოზული მოთამაშე მთელს რეგიონში. რეალურად რა მივიღეთ? 5 წელი გავიდა და თითი თითზე არ არის დაკარებული.
მესამე ფაქტორი, რითაც ისინი გამოირჩევიან, არის კორუფციის მაღალი დონე. თქვენს გვერდზე, 100 მეტრში არის ზუგდიდი სტადიონი - ერთ მაგალითს გიყვებით - რომლისთვისაც გამოყვეს 30 მილიონი. რომ ვერ დამთავრდა ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ჯიბეში ჩაიდეს, 16 მილიონი დაამატეს, რომ ის პირველი შეჭმული ფული მერე კიდევ 16 მილიონით გადაეფარა. გვაქვს სტადიონი ზუგდიდში? არ გვაქვს სტადიონი ზუგდიდში. ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ხალხი არის მოსული იმისთვის, რომ თქვენი გადასახადები და ბიუჯეტი, რომელსაც თქვენ თქვენი შრომით ავსებთ, ჩაიდონ ჯიბეში. ეს არის მათი სახე: ტყუილი დაპირებები, გაჩერებული პროექტები და კორუფცია.
ამიტომ, 13 დღეში, თითოეული ჩვენგანის ვალია, საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია, განსაკუთრებით, სამეგრელომ ამაში უნდა ითამაშოს ავანგარდის როლი, იმიტომ, რომ თქვენ ყოველთვის წინ იყავით, ყოველთვის ტემპერამენტით გამოირჩეოდით, ყოველთვის იცოდით სად იყო სწორი სვლა - 13 დღეში უნდა დავამთავროთ ქართული ოცნება საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.