ვაკის პარკში "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ ღონისძიებაზე "ორი კვირა გამარჯვებამდე" კოალიციის ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" უკვე წაგებული და გაკოტრებული პარტიაა, რაც საბოლოოდ გაფორმდება 26 ოქტომბერს.
გია ჯაფარიძის თქმით, ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ: ისეთში, როგორებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები თუ ისეთში, როგორსაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს:
"მივესალმები გამარჯვებულ ხალხს: მიხარია, რომ ერთად ვართ, მიხარია, რომ ბევრნი ვართ, მიხარია, რომ ერთად ვამარცხებთ "ქართულ ოცნებად" წოდებულ რუსულ კოშმარს. "ქართული ოცნება' არის უკვე წაგებული პარტია, უკვე გაკოტრებული პარტია, მას არაფერი აქვს სათქმელი ქართველი ხალხის მიმართ. ის დაპირებებს აძლევს მხოლოდ მოსკოვს და მას ჰპირდება, რომ ჩვენ მოვიხდით ბოდიშს.
მეგობრებო! საერთაშორისო პოლიტიკაში ბოდიში არ არის შერიგება, ბოდიში არის დანაშაულის აღიარება. ჩვენ არ ჩაგვიდენია დანაშაული, ქართველ ხალხს არ ჩაუდენია დანაშაული და ჩვენ არ მოვიხდით ბოდიშს, არასდროს მოვიხდით ბოდიშს ოკუპანტის წინაშე.
ეს კამპანია არის სამარცხვინო, დანაშაულებრივი, ღალატის კამპანია.
ამ კამპანიის მიზანი არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მომზადება. "ქართულ ოცნებას" განზრახული აქვს საქართველო დაქუცმაცებული ჩააბაროს რუსეთს - ამას ჩვენ არ დავუშვებთ!
"ქართული ოცნება" ცდილობს დათესოს შიში, შემოაქვს ტყუილები, ცრუ დილემები, პროპაგანდისტული გზავნილები. შემდეგი არჩევნები არ არის ამ შიშზე, შემდეგი არჩევნები არის იმაზე, თუ როგორ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ ჩვენ: ვიცხოვრებთ ისეთ სახელმწიფოში, როგორიც არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სადაც არის კეთილდღეობა, სადაც არ არიან პოლიტპატიმრები, სადაც პრეზიდენტები არ უზით ციხეში, სადაც არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სადაც არის ღირსეული სიბერე, სადაც პენსიონერებს საფიქრალი არა აქვთ, საკვები იყიდონ თუ წამალი, სადაც არის მაღალი ხარისხის განათლება, სადაც არის უსაფრთხოება, თუ ვიცხოვრებთ ისეთ სახელმწიფოში, როგორსაც გვთავაზობს "ქართული ოცნება", ვიცხოვრებთ საერთაშორისო იზოლაციაში, სიღატაკეში, სანქცირებული მთავრობის პირობებში, რომელსაც მიღებებზე არ უშვებენ, რომელსაც სუფრიდან აგდებენ.
არა! ჩვენ ვიცხოვრებთ ისეთ სახელმწიფოში, როგორში ცხოვრებასაც ჩვენ გადავწყვეტთ და ამას ჩვენ გავაკეთებთ 26 ოქტომბერს. ამიტომ ყველას ვთხოვ, 26 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, მივიყვანოთ ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები და ერთხელ და სამუდამოდ, ისტორიის სანაგვეზე გავისტუმროთ "ქართულ ოცნებად" წოდებული რუსული კოშმარი!
ერთიანობით ვიმარჯვებთ! დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!", - განაცხადა გია ჯაფარიძემ ვაკის პარკში.