ვაკის პარკში "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ ღონისძიებაზე "ორი კვირა გამარჯვებამდე", ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს აღმშენებლობის იმ ტემპს, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმას ჩაუყარა საფუძველი.
"ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია თქვენთან შეხვედრა გამარჯვებამდე ორი კვირით ადრე პარკში, სადაც, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბავშვობა მაქვს გატარებული. ბაბუაჩემს ვახტანგ ყიფიანს ძალიან უყვარდა აქ ჩვენთან, შვილიშვილებთან ერთად სეირნობა. იყო 90-იანი წლები, იყო უიმედობა, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ გვაჯერებდა, როგორ გვაიმედებდა, რომ ჩვენი ქვეყანა დაასრულებდა ამ მძიმე მდგომარეობაში ყოფნას და რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ლამაზი თბილისი იქნებოდა თავისუფალი, ლამაზი და ევროპული ქალაქი, ჩვენი ქვეყანა იქნებოდა ევროპული ქვეყანა.
მე დღეს ვდგავარ აქ თქვენს წინაშე და როდესაც თქვენს თვალებს ვუყურებ, თქვენს შემართებას ვხედავ, მჯერა, რომ ერთიანობით, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ევროპული ოჯახის ნაწილი, მე მჯერა, რომ თბილისი ძალიან მალე იქნება ევროპის დედაქალაქი და ეს გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.
მე მჯერა, რომ ამ ერთად დგომით, აი ამ წარმოუდგენელი ერთიანობით ჩვენ დავამარცხებთ იმ უპერსპექტივობას, იმ უიმედობას, იზოლაციას და სამარცხვინო მდგომარეობას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ჩვენს ქვეყანას აცხოვრებს.
მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება არჩევნებში - ეს იქნება ჩვენი ქვეყნის შემობრუნება აღმშენებლობისკენ, განვითარებისკენ და ევროპული კეთილდღეობისკენ.
მეგობრებო!
26 ოქტომბერს, ჩვენ ხუთიანის გაფერადებით არამხოლოდ ჩვენს ქვეყანას ვიხსნით ტყვეობიდან, არამედ ვიხსნით იმ ადამიანსაც, რომელიც ისჯება იმისთვის, რომ საქართველო გააცნო მსოფლიოს, როგორც ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა. ჩვენ ვიხსნით ტყვეობიდან ამ ადამიანს და აქ ძალიან მალე, ვიდგებით მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რათა ქვეყანას დავუბრუნოთ განვითარების ის ტემპი, რასაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა საფუძველი", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ.