ჩვენი პარტნიორები ყურს უწევენ ამ გატუტუცებულ და ენაწაგდებულ ხელისუფლებას, - ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სტივენ დაუთის განცხადებას, რომლის თანახმად, "ქართული ოცნების" ქმედებები ეჭვქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას.
ელისაშვილის განცხადებით, ამერიკელი, ევროპელი და ბრიტანელი მეგობრები ორი წლის განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან "ტლიკინს, შეყრაცხყოფას და უზრდელობას" ითმენდნენ.
ეს ხალხი არის თავაზიანი, კორექტული ხალხი და თითქმის ორი წელი ითმენდა ტლიკინს "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ტლიკინს, უზრდელობას და შეურაცხყოფას ევროპელების, ამერიკელების, ბრიტანელების მიმართ. ყურს უწევენ ამ გატუტუცებულ და ენაწაგდებულ ხელისუფლებას. სულ ორი კვირა დარჩა ხელისუფლების ცვლილებამდე და ღრმად მწამს, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი იტყვის თავის სიტყვას", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი პლატფორმა "X"-ზე წერს, რომ ილია დარჩიაშვილთან გამართულ აუდიენციაზე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.