აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვს მიგრანტებისთვის, ვინც აშშ-ის მოქალაქეს ან სამართალდამცავს მოკლავს.
ამის შესახებ ტრამპმა ნევადას შტატის ქალაქ რინოში ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე მოვუწოდებ სიკვდილით დაისაჯოს ნებისმიერი მიგრანტი, რომელიც მოკლავს ამერიკის მოქალაქეს ან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელს“, - თქვა ტრამპმა.
იმავე დღეს, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი იგივე მოწოდებით გამოვიდა კოლორადოს შტატის ქალაქ ავრორაში გამართულ მიტინგზე.
მან თქვა, რომ "გადაარჩენს" არალეგალი მიგრანტების მიერ "დაპყრობილ“ ქალაქს.
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას ჩაატარებს და საზღვარს ჩაკეტავს, რათა მიგრანტები ქვეყანაში არალეგალური გზით ვეღარ შევიდნენ.