ბუნდესტაგმა საქრთველოს ხელისუფების მიმართ მიმართ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ არ მოხდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი წინსვლა, ვიდრე "რუსული კანონი" ძალაშია.
რეზოლუციის პროექტის „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ ავტორები "გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია" (SPD), "მწვანეები" და "ლიბერალ-დემოკრატიული პარტია" (FDP) არიან.
რეზოლუციის ავტორები მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ კატეგორიულად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს. გერმანელი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ამ კურსით პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეგნებულად აყენებს საფრთხეს ქვეყნის მომავალს ევროკავშირში, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ. რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილზეც არის ჩანაწერი და აღნიშნულია, რომ "ქართველი ოლიგარქის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლა დგას".
სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუცია მოითხოვს, რომ არ მოხდეს შემდგომი წინსვლა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, ვიდრე ძალაშია კანონი ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონთან დაკავშირებით ხაზგასმულია, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან, ასევე ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 პრიორიტეტულ ნაბიჯთან და სულისკვეთებით რუსული კანონის ანალოგია.
ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება არჩევანი საქართველოს დემოკრატიული მიმართულებისა და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ. ასევე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არაძალადობრივ და სამართლიან გარემოში.