11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“ამ მატჩისთვის მზადება პოლონეთში გადავწყვიტეთ, ასე უფრო კომფორტული იყო, რადგან ფეხბურთელებმა ენერგია დაზოგეს.
ფეხბურთელები ორშაბათს და სამშაბათს ჩამოვიდნენ და ხვალიდნელი თამაშისთვის ყველა მზადაა.
წარუმატებელი სერია არ ნიშნავს, რომ სულ ასე გაგრძელდება. უკრაინა საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, სადაც ინდივიდუალურად ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენმა ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები სწორად წარმოაჩინონ. ვიცით, რომ რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი უკრაინასთან თამაშისთვის მზად არის.
კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებით, რომელიც ისეთივეა, როგორც წინა თვეებში. იგივე ატმოსფეროა და სურვილი აქვთ, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ. შესაძლოა, ფეხბურთში დამარცხდე, მაგრამ მთავარია, შენი შესაძლებლობები ბოლომდე აჩვენო, თამაში აკონტროლო და რესურსი ბოლომდე გამოაჩინო“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშება ორი მოგებით დაიწყო - ჯერ თბილისში ჩეხეთს ანგარიშით 4:1 სძლია, შემდეგ კი სტუმრად ალბანეთი დაამარცხა (1:0) და 6 ქულით B ლიგის პირველი ჯგუფის ლიდერია. მეორე- მესამე ადგილებს 3-3 ქულით ალბანეთი და ჩეხეთი იკავებენ, უკრაინა კი 0 ქულით ბოლოა.
უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.