თბილისს ისრაელში წამყვანი ლოგისტიკური კომპანიის Bikurei Sadeh-ის მფლობელები ეწვივნენ. კომპანია საქართველოდან დიდი ოდენობით ხილ-ბოსტნეულის იმპორტითაა დაინტერესებული.
ამჟამად კომპანია სწავლობს საქართველოს პოტენციალს, სოფლის მეურნეობის კულტურებს, ხოლო მის მფლობელებს უკვე ჰქონდათ შეხვედრები საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტსა და ისრაელის ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელობასთან. პარლამენტში შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომავალ თანამშრომლობას ვაჭრობისა და სტარტაპების გაზიარების სფეროში.
ხილისა და ბოსტნეულის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიის Bikurei Sadeh-ის დამფუძნებლისა და დირექტორის ილან შევას თქმით, ისრაელში აპირებს საქართველოს განყოფილების გახსნას, რომელიც შეისწავლის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის სეზონებსა და პოტენციალს საქართველოში, ამასთან დაკავშირებით, უკვე შეიქმნა მოსამზადებელი ჯგუფი, რომელშიც შედიან Bikurei Sadeh, Neumann Group და Agro G.I.
საქართველოს მხრიდან პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულისა და ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის გივი მიქანაძის თქმით, მაქსიმალურად მხარს დაუჭერენ ქართველ მეწარმეებს და ფერმერებს, რომ მათი პროდუქცია შეესაბამებოდეს ისრაელის ბაზრის მოთხოვნებს.
საქართველოს პარლამენტში ვიზიტს წინ უძღვოდა სამუშაო შეხვედრები, რომელსაც ესწრებოდნენ ქნესეთში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, ქნესეთის ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტში ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფი.
პარლამენტში გამართულ შეხვედრებს, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ისრაელში თურქეთიდან იმპორტი 10 მილიარდზე მეტი იყო. ხოლო თურქეთიდან იმპორტის შეჩერების შემდეგ, მიმდინარეობს ახალი ბაზრების მოძიება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წელს ისრაელში შევიდა 225,000 ტონ ხილ-ბოსტნეული და მხოლოდ იორდანიას უკავია 20%.
ახლა ერთობლივი მუშაობით შესაძლებელია საქართველომ ნაწილობრივ ჩაანაცვლოს თურქეთიდან ისრაელში ექსპორტი. ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა წელს, დეკემბერში თბილისში დაგეგმილ ბიზნესფორუმზე, რომლის ორგანიზატორებიც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ არიან.