უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ მოახდინოს მანიპულირება რუსეთ-უკრაინის ომის თემით წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ხელისუფლების მორიგ მცდელობებს, ჩართოს უკრაინა თავისი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მორიგი განცხადებების დამამცირებელი ტონის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ, იძულებული ვართ, გამოვხატოთ უკრაინის პოზიცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს წუხილს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის მიბაძვით ცდილობს შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაწილეობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შენარჩუნების საქმეში და რომ საქართველოს მთავრობა გადაიქცა კრემლის ქსეროქსად.
„სამარცხვინოდ მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ რეკლამაში იყენებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის სურათებს. უკრაინულ უბედურებაზე თავხედურმა სპეკულაციებმა ამხილა სიმართლე საქართველოს მმართველი პარტიის შესახებ, რომელიც მოიცავს უკრაინელი ხალხისადმი სრულ უპატივცემლობას და მზადყოფნას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს უკრაინელი და ქართველი ხალხების ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს პოლიტიკური ქულების გამო.
14 ოქტომბერს საქართველოში დიდი მართლმადიდებლური დღესასწაულის, მცხეთობა-სვეტიცხოვლობის წინ, განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" პოლიტიკურ რეკლამაში რუსი სამხედრო დამნაშავეების მიერ განადგურებული უკრაინული რელიგიური სიწმინდეების გამოსახულება.“, - აღნიშნულია განცხადებაში..
„უნდა შეგახსენოთ კიდევ რამდენიმე სიმართლე, რომლის გამჟღავნებაც დაავიწყდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
საქართველოს ხელისუფლების უარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის საპასუხოდ, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო კავშირების აღდგენა, 2000-იანი წლების დასაწყისში შემოღებული სავიზო რეჟიმის გაუქმება და გააქტიურება. ორმხრივმა ვაჭრობამ საქართველო დააბრუნა მოსკოვზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ფორმატში“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მათ, ვისაც სიმართლის გაგება სურს, ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ დეოკუპირებულ ხერსონში, რომელიც მუდმივად დაბომბვის ქვეშ იმყოფება და სადაც რუსებს სისტემატურად მწყობრიდან გამოჰყავთ ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება ახლა უფრო სტაბილურია, ვიდრე მშვიდობიან თბილისში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე. ამის გამო არიან შეწუხებული ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, უკრაინაში არსებული ვითარება სასურველად წარმოედგინათ ქართული საზოგადოებისთვის".