რუსეთის სამხრეთში, ადიღეს რესპუბლიკაში, უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ სოფლის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადიღეს ლიდერმა, მურატ კუმპილოვმა განაცხადა, რომ მაიკოპის გარეუბნიდან, კერძოდ სოფელ როდნიკოვოედან, რომელიც სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს მდებარეობს, მოქალაქეები გაჰყავთ.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე სპეცსამსახურების წარმომადგენლები, ასევე მაშველები მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამსახურები ხანძრის ჩაქრობით არიან დაკავებულნი.
კუმპილოვმა აღნიშნა, რომ სოფელ ხანსკაიაში მოქალაქეებისთვის დროებითი განსახლების ცენტრი მოეწყო, სადაც ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ნივთით მსგავს შემთხვევებში.
მისივე თქმით, ხანძარი მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე გაჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადიღეზე თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სამინისტროს განცხადებით, 10 ოქტომბრის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 92 უკრაინული დრონი ქვეყნის რამდენიმე რეგიონის თავზე, მათ შორის 47 დრონი ჩამოაგდეს კრასნოდარის მხარეში. ადიღე მდებარეობს კრასნოდარის მხარის ფარგლებში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში კიდევ 12 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს კურსკის ოლქში, ცხრა – როსტოვის ოლქში, ოთხი – ბრიანსკის ოლქში, ორ-ორი – ბელგოროდის ოლქსა და ანექსირებულ ყირიმში, ერთი – ვორონეჟის ოლქში და 15 – აზოვის ზღვის თავზე. თავდასხმების შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.