„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ამავდროულად, „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა.
„ამდენი ხნის განმავლობაში, გუშინდელ დღემდე „ნაცმოძრაობა“, მათი ოთხი საერთო პარტია და მათი პატრონები ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ საქართველოში ხელისუფლება, მთავრობაა ცუდი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხსო. ამის დამტკიცებას ცდილობდნენ და გუშინ მკაფიოდ გამოჩნდა, როგორ უჭერენ ისინი ქართველ ხალხს მხარს. აქამდე ვიღაცების თვალში თუ მაინც ახერხებდნენ ამის შეფუთვას, დღეს შეუძლებელია, ოდნავ ძალა რომ დაატანო გონებას, ვერ მიხვდე, რაშია საქმე. ქართველ ხალხს თუ უჭერენ მხარს, რა სურს ქართველ ხალხს, ლგბტ პროპაგანდა იყოს სკოლებში და ტელევიზიებში? გუშინ გვითხრეს, რომ ეს კანონი გავაუქმოთ და დაშვებული იყოს სკოლებსა და ტელევიზიებში ლგბტ პროპაგანდა. ეს უნდა ქართველ ხალხს? გუშინ მათ გვითხრეს, რომ გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი. ამით გვეუბნებიან, რომ უნდა დავაფინანსოთ ჩვენი აგენტურა ისე, რომ არ გაბედოთ, ამ ყველაფერში ჩაერიოთო. წარმოიდგინეთ, რამხელა ინტერესია საქართველოსა და მისი ომში ჩართვის მიმართ. თვითონ იღებდნენ გამჭვირვალობის კანონებს, გააჩერეს მთლიანად ეს პროცესი, ევროპაში ეს პროცესი გაჩერდა, იმხელა ინტერესია, რომ საქართველო ჩაერთოს ომში. თვითონ იღებდნენ გაცილებით მკაცრ კანონებს და ჩვენ დღესაც კი რეზოლუციით გვეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის და გამჭვირვალობის კანონი გავაუქმოთ. ე.ი. დღეს მათ თქვეს, რომ არ გვაინტერესებს არც ხალხი, გააუქმეთ კანონები, რომლებიც ჩვენ არ გვაწყობს. ხალხი არაფერ შუაშია. აქამდე ამას ერიდებოდნენ, ახლა პირდაპირ გვითხრეს, გამოუშვით მკვლელი სააკაშვილი და დაასანქცირეთ ადამიანი, რომელიც არის თქვენთან მშვიდობის გარანტი და ქველმოქმედიო. რაც მთავარია, ოპოზიცია სამი წლის განმავლობაში უარყოფდა ფაქტს, რომ ისინი ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და უერთდებოდნენ ამ მოთხოვნას. გუშინ პირველად ღიად ითქვა ევროპის ერთ-ერთი მაღალი ტრიბუნიდან, რომ ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთს. სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, ეს გადალაგდება ომის დასრულების შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ეკონომიკურად უნდა ჩავარდეს ყველა გათვლით, სულ მცირე, ორჯერ უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ეს ხდებოდა პანდემიის დროს, ანუ ქართული ეკონომიკა უნდა ჩამოიქცეს. ღვთის ნებით და სწორი ეკონომიკური მენეჯმენტით, როგორც იქნა, ჩვენ გავარღვიეთ ის მოჯადოებული წრე ბოლო 2-3 წლის განმავლობაში და ეკონომიკა წავიდა წინ. ეს უნდა აისახოს უკვე კონკრეტული ადამიანების ჯიბეებზე და ახლა გახსნეს ყველა კარტი. გვეუბნებიან, რომ ეკონომიკა ჩამოაქციეთ, დაუწესეთ რუსეთს სანქციებიო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება ერთი მხრივ, ნიშნავს ეკონომიკის ჩამოქცევას და მეორე მხრივ, ომის დაწყების ალბათობასაც შეიცავს.
„შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ არათუ ჩარევა, არათუ ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ. ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისა და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ. ეს არის პირდაპირი მოწოდება საქართველოში ლგბტ პროპაგანდისკენ და გამჭვირვალობის გაუქმებისკენ, რომ ვისაც უნდათ დააფინანსებენ და ქართველმა ხალხმა არ უნდა იცოდეს, ისე უნდა ატრიალონ საქართველოს ხელისუფლებები და როგორც კი დაავალებენ, უნდა შევიდნენ ომში. საბოლოოოდ ამ ყველაფრით, გუშინდელი გახსნილი კარტებით დადასტურდა, რომ ისინი არა ქართველ ხალხს, არამედ უბრალოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის კლასტერს, ანუ გავლენიანი, მსხვილი ჯგუფების აგენტურას უჭერენ მხარს.
ჩალის ფასიც აღარ აქვს ამ რეზოლუციებს. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს მეოთხედ, სოფელში რომ შეიკრიბოს მაგალითად, უხუცესების ჯგუფი და გადაწყვეტილება მიიღოს, რაღაც შედეგი იმას მოყვება. მეოთხედ მიიღეს დასანქცირების გადაწყვეტილება და არაფერს ნიშნავს საერთოდ, უკვე დე ფაქტო დასანქცირებული იყო და იმის შემდეგ არაფერი შეცვლილა. პირიქით, გზა და გზა იგებს, იმდენად მყარი და მართალია ამხელა ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შვეიცარული ბანკი გააკოტრეს ბიძინა ივანიშვილის შანტაჟისთვის. ამხელა ძალებთან გვიწევს ბრძოლა და ისინი დღეს უკვე აშკარად გვეუბნებიან, რომ ისინი არიან არა ქართველი ხალხის, არამედ გავლენიანი ჯგუფების აგენტურის მხარეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.