როდესაც კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები, ქართველ ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება სწორედ ხაზარაძეზე ხდებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე თავის განცხადებაში აღნიშნავს.
მდინარაძის თქმით, დღეს, ხაზარაძე, ისევე როგორც სააკაშვილი, გვარამია და სხვა კოლექტიური აგენტურა, პატრონების უსიტყვო მორჩილებაშია.
„მამუკა ხაზარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე, ე.წ. მოლარე და მათ მიერ, ადამიანებისთვის წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია. როდესაც კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები, ქართველ ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება სწორედ ხაზარაძეზე ხდებოდა. საქმეები აქ მრავლადაა. სწორედ ხაზარაძემ გადაიფორმა საქართველოში იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია „ელიტ-ელექტრონიქსი“, რომელიც მფლობელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა წაართვა. სწორედ ხაზარაძემ გადაიფორმა საკუთარ თავზე ბანკი „კონსტანტა“, რომელიც ასევე რეჟიმმა წაართვა მფლობელებს. კიდევ უფრო მძიმეა კომპანია „მაგნატის“ საქმე, რომლის მფლობელი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს, მისი მრავალმილიონიანი ქონება და ბიზნესი ასევე საბოლოოდ ხაზარაძის ხელში აღმოჩნდა. მის კისერზეა საქართველოში ათიათასობით სახლწართმეული, გამოსახლებული ადამიანის ბედი, მათთვის წართმეული ქონება და ქუჩაში, ბედის ანაბარა დატოვებული ოჯახები. მაშინ, როდესაც რეჟიმი ხალხს ძარცვავდა და ქუჩებში კლავდა, მამუკა ხაზარაძე, რამდენიმე ერთეულ პრივილეგირებულ ბიზნესმენთან ერთად განუსაზღვრელად მდიდრდებოდა. სააკაშვილმა მას დაუფასა ერთგულება და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითაც დააჯილდოვა. დღეს, ხაზარაძე, ისევე როგორც სააკაშვილი, გვარამია და სხვა კოლექტიური აგენტურა, პატრონების უსიტყვო მორჩილებაშია.
ხაზარაძემ ზუსტად იცის, რა დავალებებს მიიღებს ის პატრონებისგან. მას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ სასწაული მოხდება და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა, ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში უნდა გახვიოს, მაგრამ ეს მისთვის ვერ იქცა დაბრკოლებად, რომ ამ ღალატზე ხელი აეღო. სწორედ ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“კიდევ უფრო საშიში და მიუღებელი სწორედ ეს ადამიანია, რომელიც, მასზე გამოცდილ აგენტებთან ერთად ცდილობს ხალხის მოტყუებას, თითქოს არაფერი აკავშირებს არც გარე ძალებთან და არც მის საყვარელ წარსულ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა მდინარაძემ.