რუსეთის საოკუპაციო ძალები თავს დაესხნენ ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას. დაიღუპა 6 და დაშავდა 8 ადამიანი. ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა განაცხადა.
უკრაინის ვიცე-პრემიერის ოლქსი კულებას განცხადებით, რუსებმა იერიში ბალისტიკური რაკეტებით განახორციელეს.
აღნიშნულია, რომ თავდასხმის დროს დაზიანდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი და საკონტეინერო გემი Shui Spirit.
„ეს არის უკვე მესამე უცხოური ხომალდი, რომელსაც რუსეთი დაესხა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში“, - აღნიშნა კულებამ.
მოგვიანებით, ოლეჰ კიპერმა დააზუსტა, რომ დაშავებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, მისივე თქმით, 7 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.