"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები ქუთაისის მოსახლეობას შეხვდნენ - ქუთაისის ცენტრში შეკრებილ ამომრჩეველს კოალიციის ლიდერებმა მიმართეს და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“ჩვენ ვართ ევროპა და ევროპა არის ქუთაისი!” - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ შეკრებილებს.
„მინდა ამ ქალაქიდან გამოწვევა გავუგზავნო ორ ყველაზე ძველ, მთავარ ევროპულ ქალაქს, ათენს და რომს - შეგვეჯიბრეთ სიძველეში, შეგვეჯიბრეთ ევროპულობაში, ჩვენ წინ ვართ, ჩვენ არგონავტებს ვაჩუქეთ სიბრძნე, მათ თქვენთან ჩამოიტანეს ეს სიბრძნე. ჩვენ ვართ ევროპა და ევროპა არის ქუთაისი!“ - განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქოცური საქართველო“ ევროპაში ვერ მოხვდება.
„რა გვინდა ჩვენ? - ჩვენ გვინდა ევროპაში, ამიტომ, როცა ჩვენ გზას ვიღაც ეღობება, როცა ჩვენ ევროპისგან ვიღაც გაგვწევს, ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის, ლასხიშვილის, გალაკტიონის, დიდი ევროპელების ქალაქში უნდა ვთქვათ ღიად: ვინც ჩვენ გაგვწევს, ჩვენ გავწევთ იმას, ბიძინა ივანიშვილი გარეთ, ევროპა შიგნით. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს და ევროპული საქართველოს მთავარ ქალაქს, ქუთაისს.
ჩვენ ვარ ევროპის ყველაზე ძველ ქალაქში, ქუთაისში. ათენის და საბერძნეთის რამდენიმე ქალაქის შემდეგ ეს ქალაქი არის ზუსტადაც რომ ყველაზე ძველი დედაქალაქია, ბევრად ძველი, ვიდრე ჩვენი დედაქალაქი, თბილისი. ამ ქალაქს ნანახი აქვს ევროპა რა არის, იცის ევროპა რა არის იმიტომ, რომ ეს ქალაქი არის ევროპა და მომავალი მისია.
როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, არჩევნების შემდეგ გვექნება ევროპული პასპორტი ჯიბეში და ქუთაისის აეროპორტიდან წავალთ ზუსტად ევროპაში.
ეს არის ქალაქი, რომელმაც მიიღო არგონავტები, ჩვენგან რომ სიბრძნე მიჰქონდათ ის არგონავტები, ბერძნები კოლხებისგან რომ სესხულობდნენ სიბრძნეს. ჩვენ არ დავთმობთ, არ გავრუსდებით, ჩვენი ქვეყანა არის საქართველო და მომავალი ჩვენია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.