გერმანიის ბუნდესტაგში მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნეს, რომლის კენჭისყრაც 10 ოქტომბერს იგეგმება.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ "საქართველოს ხელისუფლება ავტორიტარული და ანტიევროპული კურსით ქვეყნის ევროპულ მომავალს შეგნებულად აყენებს საფრთხის ქვეშ და მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ მიდის".
"ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ცენტრალურ ფასეულობებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის კონკრეტულად ეწინააღმდეგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ ორ პრიორიტეტულ ნაბიჯს, კერძოდ, სამოქალაქოს საზოგადოების თავისუფალი მოქმედების უზრუნველყოფას (მე-9 ნაბიჯი) და ევროკავშირისა და მისი ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას (1-ელი ნაბიჯი). ეს კანონი თავისი სულისკვეთებით შეესაბამება რუსულ კანონს "უცხოელი აგენტების შესახებ".
ამით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს ზურგი შეაქცია, რაც ეწინააღმდეგება ევროპული ინტეგრაციის კონსტიტუციაში ჩაწერილ მიზანს და მოსახლეობის სანუკვარ სურვილს. საქართველოს მოსახლეობა თაობათაშორისი, მრავალკვირიანი, ერთსულოვანი მშვიდობიანი დემონსტრაციებით მოითხოვდა კანონის გაწვევას. ბუნდესტაგი სოლიდარობას და აღიარებას უცხადებს მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეებს.
გერმანიის ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, საბიუჯეტო პარამეტრების გათვალისწინებით, ევროპულ დონეზე დაჟინებით მოითხოვოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ ძალაშია კანონი ეგრეთ წოდებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.