საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას, - ასე ეხმაურება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, თამარ კორძაია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ოპოზიციონერის თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაიცავენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის დემოკრატიას და ევროპულ პერსპექტივას.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გაიზიარეს იმ 84 დეპუტატის ბედი, რომლებმაც მოღალატეობრივად რუსეთის დავალებით მიიღეს ე.წ. რუსული კანონი, როგორც თვითონ უწოდებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაბედა კანონის მოქმედების შეჩერება და ძალიან სავალალოა ის მდგომარეობა, რომ ვერ ბედავს ამ კანონის მავნე შედეგებს როგორც ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განადგურების თვალსაზრისით. ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არ აღმოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე, თუმცა 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაიცავენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის დემოკრატიას და ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლომ აგენტების კანონის მოქმედება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ შეაჩერა
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ აგენტების კანონის მოქმედება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ შეაჩერა.