ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა გაანადგურეს „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო შემცვლელები.
როგორც ნეთანიაჰუმ ლიბანელ ხალხისთვის მიმართვისას აღნიშნა, ლიბანი არა ისრაელმა, არამედ ირანმა დაიპყრო და „ჰეზბოლამ“ აქცია სამხედრო ბაზად.
„ჰეზბოლამ“ ლიბანი აქცია საბრძოლო მასალებისა და იარაღის საწყობად, ირანის სამხედრო ბაზად. შევამცირეთ ჰეზბოლას შესაძლებლობები. გავანადგურეთ ათასობით ტერორისტი, მათ შორის, თავად ნასრალაs შემცვლელი და შემცველის შემცვლელი, დღეს „ჰეზბოლა“ უფრო სუსტია, ვიდრე ბოლო მრავალი წლის განმავლობაში“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ლიბანელ ხალხს მოუწოდა, „დაიბრუნონ“ ქვეყანა „ჰეზბოლასგან“.
„ახლა თქვენ, ლიბანელი ხალხი, მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე დგახართ. ახლა შეგიძლიათ, დაიბრუნოთ თქვენი ქვეყანა. ამას თუ არ გააკეთებთ, „ჰეზბოლა“ განაგრძობს ისრაელთან ბრძოლას მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან თქვენს ხარჯზე. მოგიწოდებთ თქვენ, ლიბანის ხალხს, გაათავისუფლეთ თქვენი ქვეყანა „ჰეზბოლასგან“, რათა ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.