აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიაში ვიზიტი გადადო ქარიშხალ "მილტონის" გამო, რომელიც უახლოეს მომავალში ფლორიდას თავს დაატყდება.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
„ქარიშხალ „მილტონის“ სავარაუდო ტრაექტორიისა და სიძლიერის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ბაიდენი გერმანიასა და ანგოლაში დაგეგმილ ვიზიტებს სავარაუდოდ გადადებს და სტიქიურ უბედურებაზე საპასუხო ზომების მართვას ჩაუდგება სათავეში“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ვარაუდობდნენ, რომ ბაიდენი გერმანიაში მონაწილეობას მიიღებდა 12 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის ფორმატი) შეხვედრაში.
შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირე ქვეყნებისთვის "გამარჯვების გეგმის" წარდგენას გეგმავს.