რამდენსაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, რომ გაავრცელოს ყალბი ნარატივები, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ჩახშობა ვერ მოხდება - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა.
“რასაც ვაკვირდებით საქართველოში, ეს არის დემოკრატიის დემონტაჟის მცდელობა წინასწარ განზრახული მცდელობა. მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე ეს არის დამანგრეველი კანონი, რომელიც მძიმე სიგნალს უგზავნის არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც. საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა ამჟამინდელი მთავრობა რისკის ქვეშ აყენებს ამას. მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებული არჩევნები შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და თავისუფლების უმაღლეს სტანდარტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროპულ გზას.
ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: რამდენსაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, რომ გაავრცელოს ყალბი ნარატივები, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ჩახშობა ვერ მოხდება. საქართველოში დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს კიდეც“, - განაცხადა კოლსმა.