"ძლიერი საქართველოს" და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა. კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილთან კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა.
"ჩვენ არ ვთვლით, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ესა თუ ის თანამდებობის პირების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი "- ამბობს ხაზარაძე.
ხაზარაძის თქმით, ჯერ 26 ოქტომბერს გამარჯვებაა "გასაფორმებელი" და სწორედ „ამის შემდეგ უნდა მოხდეს კანდიდატების შერჩევა.
ჩვენი, "ძლიერი საქართველოს" პოზიცია არის ძალიან კონკრეტული. ძალაუფლება ამ ქვეყანაში ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა თუ კანდიდატურები უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ და ეს ჩვენ, ძალიან მკაფიოდ ვუთხარით საქართველსო პრეზიდენტს. არანაირ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა ჩვენ ახლა, ყველაზე მთავარი ფოკუსირება ქართველ ხალხთან ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაყენოთ ევროპულ კურსზე. რაც შეეხება კანდიდატებს, კანდიდატების განხილვა არ ყოფილა.
ამ ქვეყანაში არჩევნები და მისი შედეგები ეკუთვნის ხალხს და ამ არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს სხვა დანარჩენი საკითხის განხილვა ქარტიის ფარგლებში. ჩვენ არ ვთვლით, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ესა თუ ის თანამდებობის პირების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი, იმიტომ, რომ ძალაუფლება ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეკუთვნის ხალხს - ქართველი ხალხის არჩევანი არის უზენაესი.
ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ 26 ოქტომბერს, გავაფორმოთ ეს გამარჯვება მშვიდობიანად და შესაბამისად, ქარტიის ფარგლებში, პრეზიდენტი, როგორც გარანტორი ამ ძალაუფლების გადაცემის და ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების იქნება მთავარი ფიგურა.
ეს იქნება ოპოზიციური პარტიების და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილება. ის ითამაშებს მთავარ როლს, როგორც წერია ქარტიაში. ეს არის ჩვენი პოზიცია, მას ეს პოზიცია გავუზიარეთ და ამ პოზიციას არ შევცლით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პრეზიდენტმა "ქართული ქარტიის" ხელმომწერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მომავალი კოალიციური, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის კანდიდატურებთან დაკავშირებით გუშინ დაიწყო.