პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმარა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას და მას "კონსტიტუციის გამაუქმებელი უწოდა".
პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს სურს ქვეყანა 90-იანებში დააბრუნოს და ბანანის რესპუბლიკად აქციოს.
"ქარტიის, რომელიც შეადგინა ქალბატონმა სალომე და ხელი მოაწერა ჩვენმა სამარცხვინო ოპოზიციამ, არის საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტი და ქარტია. ამ დოკუმენტში ქლაბატონმა სალომემ ჩაწერა, რომ ქართველ ხალხს არ ჰყოფნის იმის ჭკუა, გონება და ცოდნა, რომ აირჩიოს თავისი ხელისუფლება. ქალბატონმა სალომემ ზემოდან გადმოგვხედა ქართველ ხალხს და გვითხრა, რომ ქართველი ხალხი არ ვართ იმ დონის პოლიტიკურად განათლებული, ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება. ამიტომ იქნება ტექნიკური დროებითი მთავრობა, რომელიც დროებით რაღაც საკითხებს გადაწყვეტს. ეტყობა, რაღაც გარკვეული სამხედრო საბჭო უნდა რომ შექმნას და ერთ წელიწადში ჩატარდეს არჩევნები. ეს ხდება ქვეყნებში, რომლებსაც ეძახიან ბანანის რესპუბლიკებს, სადაც ხდება ხოლმე სამხედრო გადატრიალება, იქმნება სამხედრო საბჭო, რომელიც შემდეგ ამშვიდებს მოსახლეობას, რომ ახლა ერთი წელი იქნება დიქტატურა, გააკეთებენ იმას, რაც მათი გადმოსახედიდან არის მართალი, როგორც ჩანს, ეს გარედან დაკვეთები უნდა იყოს და შემდეგ ჩაატარებენ არჩევნებს. ეს ჩვენ გვქონდა, 90-იან წლებში გამოვიარეთ. ქალბატონი სალომე საფრანგეთში რომ ცხოვრობდა და ფრანგი დიპლომატი იყო, ჩვენ აქ ვიცხოვრეთ ამ პირობებში. ქალბატონ სალომეს უნდა, საქართველო დააბრუნოს 90-იან წლებში და საქართველო აქციოს ბანანის რესპუბლიკად. ამიტომ ყველაზე დიდი სირცხვილია, რა დოკუმენტიც შედგა. ვინც ხელი მოაწერა, ისინი სამუდამოდ დარჩებიან საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველაზე სამარცხვინო დოკუმენტის ხელმომწერი. ამ ქვეყანაში გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას განახორციელებს და კონსტიტუციის გამაუქმებელი ქარტიაა, რომელმაც თქვა, რომ არ არსებობს კონსტიტუცია, ხალხი, საერთოდ ნული ვართ ყველა, არის ქალბატონი სალომე, მისი ვოიაჟები საზღვარგარეთ და ის ნარატივი, რომელიც მან ოპოზიციასთან ერთად უნდა ჩამოაყალიბოს, რაც პირდაპირ ანალოგიაა სამხედრო საბჭოსი, რომელიც დროებით დიქტატურას ამყარებს, რათა მათი გაგებით კეთილშობილურ მიზნებს მიაღწიოს. არანაირი საერთო არ არის დემოკრატიასთან, რაც ხდება ქალბატონი სალომეს კოორდინირებით და სამწუხაროა, რომ მასთან ერთად, ოპოზიციაც ამ ერთ ანტიქართულ მოძრაობაშია ჩართული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.