ახალგაზრდებმა რამდენიმე თვის წინ მთელ მსოფლიოს გავაგონეთ ჩვენი ხმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონებთ ხმას მთელ მსოფლიოს და ჩვენ ვიქნებით ის თაობა, რომელიც იზეიმებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ ვიქნებით ის თაობა, რომელიც შეძლებს სანუკვარი ოცნების ახდენას, რასაც ჰქვია სოხუმში, ცხინვალში დაბრუნება, - ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ მართავს ღონისძიებას - „ერთიანობა პასუხობს ხალხს“, სადაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი ლევან სანიკიძე, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანია და „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა დიაროვი ახალგაზრდების კითხვებს პასუხობენ.
„ახალგაზრდებმა სულ რამდენიმე თვის წინ გააგონეს ქართული თაობის ხმა. თაობის, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში, იცის თავისუფლების ფასი და რაც მთავარია ამ თავისუფლებას არ დათმობს არაფრის სანაცვლოდ. ჩვენ ვართ ის თაობა, რომლებიც შევძლებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და იმ ღირსეული ევროპული ცხოვრების საქართველოში მოტანას, რომელიც ჩვენ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებზეც წერდა მსოფლიო პრესა, რომლებზეც საუბრობდნენ ,მსოფლიო ლიდერები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ღირსება, რომელსაც ყოველდღიურად თელავენ და პირველ რიგში ეს იწყება იმით, რომ ჩვენ გვთხოვენ ოკუპანტს მოვუხადოთ ბოდიში. მგონი, ამ დარბაზშიც და ჩვენ თაობაშიც არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოუხდის ბოდიშს სეპარატისტს და ადამიანს, რომელიც ცდილობს ქართული სახელმწიფოებრიობის დანგრევას. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ვიცით რას ნიშნავს რუსეთის ფედერაცია, რუსული იმპერიალიზმი და კარგად გვესმის ის იარა, რომელიც საქართველოს 2008 წელს მოაყენეს და ეს არ დაწყებულა 2008 წელს. ეს დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს და მე მჯერა, რომ ჩვენი თაობა სწორედ ამ მოვლენების პირმშოა, რომელსაც ვერ აჩერებს დღეს ივანიშვილი. კაცი, რომელსაც სურს ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურება. მე მჯერა და ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონებთ ხმას არ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ მთელ მსოფლიოს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, რომლებიც რა მივცემთ უფლებას დღევანდელ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიაყენონ შეურაცხყოფა ჩვენს გმირებს - გიორგი ანწუხელიძეს, ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას, ესენი არიან ადამიანები და კიდევ ათასობით გმირი ქართველი, რომლებმაც დღეს საშუალება მოგვცეს გვემღერა ჰიმნი ქართულ ენაზე, გვქონოდა დროსა და ენა. გვქონოდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და ეს არჩევნები არ ჰგავს სხვა არჩევნებს, ბევრჯერ გვითქვამს, ბევრჯერ მოგვისმენია პოლიტიკოსებისგან, რომ წელს წყდება ჩვენი ბედ 2020 წელს, 2016 წელს, სინამდვილეში ეს არის ისტორიული არჩევნები, როდესაც ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ შეგვიძლია წერტილი დავუსვათ გაჭირვებას, მონობას, ბატონყმურ დამოკიდებულებას და ავირჩიოთ ამ ქვეყანაში ევროპა, კეთილდღეობა. ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს, ჩვენი ხმა ესმით მხოლოდ პროტესტის დროს, ამის შემდეგ ყველა გვივიწყებს და მგონი დადგა დრო ჩვენ ავიღოთ ხელში ინიციატივა, ჩვენ ვიყოთ ამ ცვლილებების მთავარი ბირთვი და შემდგომში, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენ ვიქნებით ის თაობა, რომელიც იზეიმებს ევროკავშირში გაწევრიანებას და ალბათ, აქ დარბაზში არავინ არა არის ისეთი, ვინც ნამყოფია ცხინვალსა და სოხუმში და ჩვენ ვიქნებით ის თაობა, რომელიც შეძლებს სანუკვარი ოცნების ახდენას, რასაც ჰქვია სოხუმში, ცხინვალში დაბრუნება, სადაც ამაყად იფრიალებს ქართული დროშა და ჩვენ ვიქნებით ერთიანი, ძლიერი, ევროპული ქართული სახელმწიფო.“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.