"ქართული ქარტიის" პრინციპები მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, მთავარი პრინციპი არის ის, რომ ეს მმართველობა უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს ეს პოლიტიკური მმართველობა, ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფება და ჩვენ უნდა გადავიდეთ ევროპულ დღის წესრიგზე", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვების შემდეგ, პირველ რიგში, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღდგენა მოხდება.
"ზუსტად ანალოგიურ გზავნილებს ვიღებთ ჩვენ - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა", როცა ევროპელ პარტნიორებს ვესაუბრებით. საკმარისია 26 ოქტომბერს გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და ეს ასეც მოხდება, რომ ძალიან სწრაფად, ახალი მთავრობის პირობებში, მოხდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღდგენა და საქართველო მიიღებს იმ უზარმაზარ ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დახმარებას, რაც განსაზღვრულია ევროკავშირის პოლიტიკით. რა თქმა უნდა, არ მაქვს ეჭვი, რომ 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა, ქარტიის პრინციპები მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, მთავარი პრინციპი არის ის, რომ ეს მმართველობა უნდა შეიცვალოს და არის ის, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ეს პოლიტიკური მმართველობა, ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფება და ჩვენ უნდა გადავიდეთ ევროპულ დღის წესრიგზე. ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის პირველი პრიორიტეტი არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღდგენა და ეს იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, როდესაც ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ერთად ახალ მთავრობას ჩამოვაყალიბებთ", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირისგან გარანტიები მოითხოვა იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნებში პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს და ისინი შეასრულებენ “ქარტიის” პირობებს. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირთან მოლაპარაკებები იმ ეტაპიდან უნდა დაიწყოს, რა ეტაპზეც ის გაიყინა.