"ალმა პლუსისგან", რომელთანაც სარეკლამო ბანერების განთავსებაზე მიმდინარე ხელშეკრულება გვაქვს, მივიღე პასუხი, რომ ჩვენი ვიზუალით ბანერს არ განათავსებენ, რაც დისკრიმინაციაა, მით უმეტეს, როცა "ოცნება" იყენებს დანგრეული მარიუპოლის, უკრაინაში დაბომბილი ტაძრების ვიზუალს", - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა დიმა ჩიქოვანმა განაცხადა.
დიმა ჩიქოვანის თქმით, "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მიმდინარე ხელშეკრულება "ვისოლ ჯგუფში" შემავალ კომპანია "ალმა პლუსთან", სარეკლამო ბანერების განთავსებაზე და დღეს დილით მე მათგან მივიღე პასუხი, რომ იმ ვიზუალით, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, ისინი ბანერს არ განათავსებენ, რაც არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული მიდგომა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ჩვენ ყველანაირ სამართლებრივ ზომას მივმართავთ, რომ ეს აღმოიფხვრას. იმ პირობებში, როცა ჩვენ ქალაქში ვხედავთ "ქართული ოცნების" რეკლამას, სადაც ისინი გამოიყენებენ მარიუპოლის ნანგრევებს, უკრაინაში სხვადასხვა ლოოკაციიდან დანგრეულ ტაძრებს თუ დაბომბილი სახლების ვიზუალებს, ჩვენ არ გვეძლევა კამპანიის ჩატარების საშუალება, სადაც მოვუწოდებთ ხალხს, რომ ხმა მისცენ "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას" და მოიშორონ "ქართული ოცნება", - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა დიმა ჩიქოვანმა.