ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება არის იმის ნათელი დასტური, რომ ივანიშვილის ხელისუფლება გრძნობს სანქციების საფრთხეს, მარცხის საფრთხეს, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
"ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება არის იმის ნათელი დასტური, რომ ივანიშვილის ხელისუფლება გრძნობს სანქციების საფრთხეს, მარცხის საფრთხეს; ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი თვისება ის არის, რომ საკვანძო საკითხში ერიდება ხოლმე უკან დახევას, მაგრამ მათ ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც მოუწიათ, რადგან ეგონათ, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნება და, მათ შორის, დასავლელი პარტნიორების, ხაზს ვუსვამ, ქართველი ერისთვის დახმარების გაწევა და არა რომელიმე პარტიის, მათთვის, როგორც ჩანს, ხუმრობად ითვლებოდა და როდესაც ეს უკვე რეალობად იქცა, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ამ საკითხზე ხუმრობა აღარ ღირს და მათი მხრიდან გასატარებელია ისეთი ზომები, რომლებიც გადაარჩენს მათ კოლაფსისგან და ხელისუფლების ჩამოშლისგან", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო, თუმცა, 1-ელ ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულს მიმართა, ორგანიზაციისთვის სტატუსი მოეხსნა.