ვიტოვებთ მცირე იმედს, რომ ცესკო-სგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლო მაინც დაიცავს ემიგრანტების კონსტიტუციურ უფლებას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, თამარ კორძაიამ სააპელაციო საჩივარზე, საზღვარგარეთ უბნების გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
თამარ კორძაიას განცხადებით - “ჩვენ, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ვაგრძელებთ ემიგრანტთა საარჩევნო ხმის დაცვას. დღეს სააპელაციო სასამართლოში გრძელდება დავა საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რადგან კანონი გვაძლევს უფლებას, რომ გავასაჩივროთ ცესკოს განკარგულება უბნების არ გახსნასთან დაკავშირებით, ე.ი კანონი იძლევა საშუალებას, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ იმსჯელოს ამ საკითხებზე და გახსნას უბნები. აქედან გამომდინარე, დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დავიტოვებთ იმ მცირე იმედს, რომ ისინი მაინც დაიცავენ ამ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.” - განაცხადა თამარ კორძაიამ.