რაც თავის დროზე, 1921 წელს მოახერხა რუსეთმა, ვერ მოახერხა 2008 წელს, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა შეასრულა პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის კონსტიტუციური მოვალეობა, დღეს მისი ტყვეობა გაუგონარი კოლაბორაციონიზმია, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესის დაწყების წინ გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა "გაუგონარი კოლაბორაციონიზმი და მტერთან თანამშრომლობაა".
"უკვე მეოთხე წელი დაიწყო პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობიდან. ეს არის სამარცხვინო ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს არის მტერთან გაუგონარი კოლაბორაცია, თანამშრომლობა და ღალატი, იმიტომ რომ საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი ადამიანი, ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი არის ოთხკედელშუა გამოკეტილი, როგორც პუტინის ტყვე. პუტინის ტყვე, რადგან ყველამ კარგად დავინახეთ, რა არის პუტინის მიზნები, ყველამ კარგად დავინახეთ რა არის მისი მსახურის ბიძინა ივანიშვილისა და მისი კრიმინალური გუნდის ამოცანა და სწორედ ამიტომაა დღეს პატიმრობაში პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ მან გაბედა და არ დაუთმო საქართველო პუტინს, ის შეეწინააღმდეგა პუტინს, როგორც ეს ევალებოდა საქართველოს კონსტიტუციით და არ მისცა მას საქართველოს დაპყრობის საშუალება. რაც რუსეთმა თავის დროზე, 1921 წელს მოახერხა, ვერ მოახერხა 2008 წელს, იმიტომ რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეასრულა პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის კონსტიტუციური მოვალეობა და მოახდინა არამარტო ჯარის მობილიზაცია, ქართული საზოგადოების გაერთიანება, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების - აშშ-ის, ევროკავშირის და მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების დიპლომატიური და სხვა სახის მობილიზაცია იმისათვის, რომ დაეცვა ქართული სახელმწიფოებრიობა. სწორედ ამისთვის ისჯება ის, მაგრამ 24 დღეზე ნაკლები დარჩა მანამ, სანამ ქართველი ხალხი გაათავისუფლებს ქვეყანას ამ მოღალატური რეჟიმისგან და სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად გაათავისუფლებს პუტინის პირად ტყვეს პრეზიდენტ სააკაშვილს. ეს აუცილებლად ასე იქნება, რადგან ქართველი ხალხი არის თავმოყვარე, პატრიოტი და გონიერი", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.