"ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოს ხელშია და არა - ამერიკის", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო წერს.
საელჩო ეხმიანება „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს "Credit Suisse"-ის საქმესთან დაკავშირებით და ქართველებს რუკაზე უხსნის, სად უნდა მოიკითხოს ივანიშვილმა მისი მილიონები.
გუშინ, 30 სექტემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას მოსალოდნელი ფინანსური სანქციების შესახებ უპასუხა, რომ "დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს".
კალაძემ ამის მაგალითად ბიძინა ივანიშვილის საქმე მოიყვანა Credit Suisse-თან.
"თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა? ჩემს ფინანსებზე ნუ ინერვიულებთ. რეალობა სახეზეა, ნახეთ, ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ უცხოურ ბანკებს - გაძარცვეს. ადამიანმა, რომელმაც ყველანაირი სასამართლო მოიგო, თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს. ხომ გვითხრეს, რომ 60 ადამიანი დასანქცირდაო, პირადად არ უთქვამთ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს". - თქვა კალაძემ.