რამდენიმე კვირაა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი დაჟინებით ითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას. გაურკვეველია, საერთოდ ვისთვის და, ამავე დროს, ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას მომავალში, არჩევნების შემდგომ შესაძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პასუხები უნდა გასცეს, მათ შორის იმაზე, რა ფორმით და რა პირობებით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
„რამდენიმე კვირაა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი დაჟინებით ითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას. გაურკვეველია, საერთოდ ვისთვის და, ამავე დროს, ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას მომავალში, არჩევნების შემდგომ შესაძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. სინამდვილეში, არაფერს გვიხსნის, არაფერს გვეუბნება, როგორ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ან რა გეგმა აქვს, იქნებ ვეთანხმებით. ამ დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროდან მკაფიოდ და ღიად აფიქსირებს საკუთარი ქვეყნის პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი შეცვლილა – ისინი არ აპირებენ არც ჯარის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან და არც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაწვევას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი განცხადებებით ქვეყნის სუვერენიტეტი როცა დაარღვია, მსგავს პირობებში, ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ თავს ასაღებს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტრადიციებისა და ქვეყნის ერთიანობის დამცველად, ამ ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი არც გამოსულა და არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. სანაცვლოდ, მუნიციპალური დონის ვითომ პოლიტიკოსები რაღაცებს აქედან პასუხობენ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ყველაზე დიდი ამოცანა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და დაუშვებელია მსგავსი საკითხების არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კულუარულად, დახურულ ოთახში დალაგება და საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაირი ინფორმაციის მიწოდება.
ჩვენთვის გასაგებია, რომ ივანიშვილს დებატების ეშინია და გაურბის, თუმცა მოვუწოდებ, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით მაინც სცეს პატივი საქართველოს მოქალაქეებს და განუმარტოს. დებატებში თუ არ შეუძლია, მაშინ, მაგალითად, 15 ოქტომბერს, როცა იქნება ზუგდიდში, საქართველოს მოქალაქეებისგან როცა მოითხოვს ბოდიშის მოხდას ან საქართველოს მოქალაქეებისგან მოითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მათ მაინც გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებზე:
რა ფორმით და რა პირობებით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მაშინ, როცა არც რუსეთის და არც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმების პოზიციები არ შეცვლილა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკან გაწვევის და საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ; რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის და რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას; დასავლეთთან დაპირისპირების და როგორც შედეგის – საქართველოს იზოლაციის, ასევე დღევანდელი ხელისუფლების შეცვლილი პოზიციის და ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დაბრალების პირობებში, ემუქრება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას. მხოლოდ ამ კითხვებზე საჯარო პასუხების გაცემის შემთხვევაში შეუძლია ივანიშვილს ისაუბროს მშვიდობაზე, სუვერენიტეტის დაცვაზე და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მსგავსი საკითხი გამოყენებული წინასაარჩევნოდ, იქნება შეფასებული, როგორც მორიგი ტყუილის მცდელობა და რაც ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის საბოლოოდ განადგურება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.