რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე" მიულოცა. იუწყება "ეხო კავკაზა".
30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს" ზეიმობენ.
1993 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთის ომის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, კოდორის ხეობის გარდა.
"რუსეთ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია მილოცვაში.
სოხუმში დღეს სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს, რომლების მოჰაჯირების სანაპიროზე კონცერტითა და ფოიერვერკებით დასრულდება.