"ქართველი ხალხი სულელი არ არის, აღარავინ, არცერთი ნორმალური პატრიოტი ამ მოღალატეებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და, რა თქმა უნდა, ეს ამ კვლევებშიც ჩანს”, - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე Edison Research-ის ბოლო კვლევაზე
"ისედაც ნათელია და ამას ედისონის კვლევები არ სჭირდება: სადაც უნდა იყოს ადამიანი, გაიაროს ქუჩაში, ბაზარში, ავიდეს ტრანსპორტში, მაღაზიაში, ნებისმიერ ქალაქში და დაბაში, უბანში, ყველამ კარგად დაინახა, რა მავნებლურ რეჟიმთან გვაქვს საქმე, რომ ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამ ხალხს ჰპირდებოდა 2012 წელს, ის საკუთარი თავისთვის მოიწყო, ის უფასო ფული, მიწები, ტყე, სამუშაო ადგილები მოიწყო თავისთვის, თვითონ 900 მილიონით გამდიდრდა, ივანიშვილის ბანდის წევრების გარშემო შემოკრებილმა რამდენიმე ოჯახმა ჩაიგდო ხელში საქართველოს ეკონომიკა, პორტები, რკინიგზა, მსხვილი ბიზნესები მათ ხელშია, აქედან გამომდინარე, მათ აიწყვეს ცხოვრება კარგად და ქართველ ხალხს უქციეს ის ჯოჯოხეთად, რადგან მათი მმართველობის პირობებში 800.000-მა მოქალაქემ დატოვა საქართველო, სწორედ ამ მაღალი ფასების, უმუშევრობის, გაჭირვებისა და სიდუხჭირის გამო.
ქართველი ხალხი სულელი არ არის, აღარავინ, არცერთი ნორმალური პატრიოტი ამ მოღალატეებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და, რა თქმა უნდა, ეს ამ კვლევებშიც ჩანს. ეს მით უმეტეს ასე მოხდება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ამ ხალხს აკადრა, რომ თურმე ჩვენ ჟიული შარტავასა და გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ.
საქართველო ბოდიშს არავისთან არასდროს არ მოიხდის, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გაისტუმრებს ამ ხელისუფლებას და საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანების გზით, აუცილებლად, მშვიდობიანად გამთლიანდება", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ.
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, მოსახლეობის 85% არ ემხრობა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველომ აგვისტოს ომისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს.