ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას BBC ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, დაჯგუფების ცენტრი ჰეზბოლას სიმაგრედ ცნობილ დაჰიეს უბანში, სამოქალაქო შენობების ქვეშ იყო გამართული.
„შტაბბინა განზრახ აშენდა საცხოვრებელი შენობების ქვეშ, როგორც „ჰეზბოლას“ სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ლიბანელ ხალხს ადამიანურ ფარად იყენებს. ისრაელი აკეთებს იმას, რასაც მსოფლიოში ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო გააკეთებდა, თუ მათ საზღვარზე იქნებოდა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც მათ განადგურებას ცდილობს“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ადმირალი დანიელ ჰაგარმა.
ბეირუთში აფეთქების ხმა მაშინ გაისმა, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოდიოდა.
მედიის ინფორმაციით, დარტყმის მთავარი სამიზნე „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო. ამას გარდა, ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, იერიშის მომენტში შტაბ-ბინაში ჰეზბოლას მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით უცნობია, მოყვა თუ არა ნასრალა ისრაელის იერიშის ქვეშ.