უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უკრაინის საგარეო უწყებაგმობს დ დაუშვებლად მიაჩნია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაუნდობელი ომის შედეგების სურათების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართველ ხალხს არ უნდა ეშინოდეს ომის, ვიდრე უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას.
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების გამოყენება.
ქართველ ხალხს შეუძლია, არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, "ქართული ოცნების" მმართველ პარტიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან.
უკრაინა თანმიმდევრულად, მყარად და მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდება, და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს", - წერია განცხადებაში.