ფედერალისტები 2024 წლის არჩევნებში კენჭს არ ვიყრით, მაგრამ მონაწილეობას ვიღებთ როგორც ჩვენი ამომრჩევლის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მობილიზებაში, ისე ხმების დაცვაში, - ამის შესახებ ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჩერგოლეიშვილი მოქალქეებს ურჩევს წავიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭრომ ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას, გარდა ივანიშვილის რეჟიმისა და სააკაშვილ/კეზერაშვილის წარმონაქმნებისა.
„ფედერალისტები 2024 წლის არჩევნებში კენჭს არ ვიყრით, მაგრამ მონაწილეობას ვიღებთ როგორც ჩვენი ამომრჩევლის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მობილიზებაში, ისე ხმების დაცვაში.
ჩვენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც უკიდურესად მტრულ და უსამართლო გარემოში, სხვებზე ადრე შეგვამჩნია, მოგვისმინა, ჩვენი იდეები გაიზიარა, მხარი დაგვიჭირა და სხვებსაც არწმუნებდა ჩვენი მხარდაჭერის მნიშვნელობაში.
ამ ადამიანების რწმენამ, ჩვენი ახალგაზრდების გუნდის ენერგიასთან ერთად, განაპირობა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი სწრაფად მზარდ ორგანიზმად იქცა და ძლიერი ფესვები გაიდგა.
ჩვენი შეცდომაა, რომ რეტროგრადული სისტემის მარცხით გამოწვეული კონვულსიებისთვის კარგად არ მოვემზადეთ და სარკომის მეტასტაზები, პარტიის წარმატებით გართულებმა, ვერ შევნიშნეთ.
ამ შეცდომის შედეგი ისაა, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ჩვენი ამომრჩეველი უპასუხისმგებლო, არაკეთილსინდისიერი და უშინაარსო სპექტრის ანაბარა, ღირსეული არჩევანის გარეშე დავტოვეთ.
ამის გამო, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ და ძალიან ვწუხვართ.
რადგან ფედერალისტებს არჩევნებში რეგისტრაციის ვადა უკვე გაშვებული გვქონდა და დამოუკიდებლად ვერ გავიდოდით, მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ერთ-ერთ რეგისტრირებულ პარტიასთან ერთად მიგვეღო მონაწილეობა არჩევნებში და ძალიან მადლობლები ვართ ამ შემოთავაზებისთვის.
ვიმსჯელეთ და მივიჩნიეთ, რომ ჩვენი სამწლიანი მუშაობის შედეგად, ჩვენი ელექტორალური პოტენციალი დღეს გაცილებით დიდია, ვიდრე ის შედეგი, რაც ორ თვეში უცხო პარტიით შეიძლება ავწიოთ იქ, სადაც თავისუფალი კონკურენცია და ქცევის ელემენტარული წესები გადათელილი აქვს არა მხოლოდ რუსულ რეჟიმს, არამედ ოლიგარქიულ ოპოზიციასაც.
ცუდი სტარტი ჩვენს მომავალ წარმატებას და, შესაბამისად, ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს მეტად დააზიანებს - ამიტომ გაუმართლებელ რისკად მივიჩნიეთ და უარი ვთქვით.
გვინდოდა ისიც, რომ ჩვენი ამომრჩევლისთვის არჩევანი გაგვემარტივებინა და სწორედ ამიტომ ვუჭერდით მხარს პრეზიდენტის პროექტს, რომელსაც პოლარიზაციის მოჯადოებული წრის გარღვევის პოტენციალი ჰქონდა და ამ გარდამტეხ მომენტში გადამწყვეტი როლის თამაში შეეძლო, მაგრამ პოლიტიკოსების ეგომანიაკურმა ინტერესებმა არც პრეზიდენტის ინიციატივის წარმატება დაუშვა.
ამ წარუმატებლობამ ჩვენი ეროვნული გამოწვევები გაართულა, მაგრამ არ შეუცვლია - ჩვენ კვლავ ეგზისტენციურად გვჭირდება საგარეო კურსის ცვლილება ჩრდილოეთიდან დასავლეთისკენ და ეს ვერ მოხდება ივანიშვილის რეჟიმის ცვლილების გარეშე.
პარადოქსია, რომ მეინსტრიმ პოლიტიკური პროცესიდან ამავე პროცესის უწესობისა და უშინაარსობის გამო დისტანცირებულებს ჩვენი ხანგრძლივი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში არასდროს გვყოლია ამდენი ღირებულებითი თანამოაზრე.
ვიცით, რომ ჩვენი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი იმედგაცრუებულია, არჩევნებში მონაწილე არცერთი ძალა მათ ნდობას არ აღძრავს და არც არჩევნებზე წასვლის ხალისი აქვს - კარგად გვესმის თქვენი, როგორც რაციონალურად, ისე ემოციურად.
ის, რომ თქვენ თამაშგარე ხართ, ოლიგარქიული პოლიტიკის შედეგია, რომელიც გონიერ, პატიოსან და პრინცპულ მოქალაქეებს სისტემიდან დევნის.
მაგრამ როგორი რთულიც უნდა იყოს თამაშგარე მდგომარეობიდან ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება, ეს არჩევანი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ოლიგარქიული სისტემა შეირყეს, საგარეო კურსის ცვლილების შანსი გაჩნდეს და 2025 წლის არჩევნებში ფედერალისტებმა მონაწილეობა სხვა რეალობაში მივიღოთ.
ცხადია, თქვენი ნებაა ამ მწირი არჩევანის პირობებში რა გადაწყვეტილებას მიიღებთ. გენდობით, რომ ის ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით ნაკარნახევი იქნება.
მაგრამ ჩვენი მხრიდან გეტყვით, რომ ფედერალისტების იდეები და ქართველი ხალხის ინტერესები უკეთ დაცული იქ იქნება, სადაც თუნდაც ცუდ პოლიტიკურ ძალებს აქვთ შესაძლებლობა ერთმანეთი გააწონასწორონ და შეაკავონ.
სწორედ ამიტომ, ჩვენი რჩევაა არჩევნებზე წახვიდეთ და მხარი დაუჭროთ ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას, გარდა ივანიშვილის რეჟიმისა და სააკაშვილ/კეზერაშვილის ბელადომანიურ/ოლიგარქიულ/ძალმომრეობითი წარმონაქმნებისა.
მე თვითონ, ჩემს არჩევანს ყუთთან გადავწყვეტ და ეს არ იქნება არცერთი პარტია, რომელიც ანტიდასავლურ კურსს და/ან პიროვნების კულტზე აგებულ ოლიგარქიულ სისტემას განასახიერებს იმითაც კი, რომ არ უპირისპირდება“, - წერს ჩერგოლეიშვილი.