"ქართული ოცნება", როგორც ანტიქართული მაფიოზური დაჯგუფება, ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამიტომ მათი ლიდერების ადგილი დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ლიდერების გვერდით არ არის, ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა საქართველოსთვის, მაგრამ 26 ოქტომბერს შეიცვლება ,- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებაზე მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ეს მოსალოდნელი იყო.
"სამწუხაროდ, არაფერია მოულოდნელი იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძესთან დაკავშირებით მიიღო. სრულიად ნათელია, რას წარმოადგენს დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება, ეს ანტიქართული, მაფიოზური დაჯგუფება. ბუნებრივია, მათთან ყოველგვარ კონტაქტს წყვეტს ცივილიზებული სამყარო, სრულიად ნათელია, რა პოზიცია აქვთ ქართველი ხალხის ურყევ მეგობრებს - შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს. ერთადერთი, რაც ახლა არის გასარკვევი, ისაა, რა მოხდება 26 ოქტომბერს და აქაც, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, თანდათან ცხადი ხდება, რომ "ქართული ოცნება" ამ არჩევნებში მარცხდება. ეს არის მკაფიო, ამიტომ აშშ-ის ყველა გადაწყვეტილება უნდა იქნას აღქმული შემდეგნაირად, რომ ის, ვინც ეწინააღმდეგება (ამ შემთხვევაში "ქართული ოცნება", როგორც ანტიქართული მაფიოზური დაჯგუფება) ქართველი ხალხის ინტერესებს, მისი ადგილი დემოკრატიული, ცივილიზებული სამყაროს ლიდერების გვერდით არ არის. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა საქართველოსთვის, მაგრამ ფაქტია და 26 ოქტომბერს აუცილებლად შეიცვლება", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, „ამერიკის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ირაკლი კობახიძეც ეწერა, თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული მიწვევა მას გაუუქმდა. ამასთანავე, ამერიკის ხმის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციაში უარი თქვეს საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე, ხოლო კობახიძესთან შეხვედრაზე ასევე უარი თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმაც.