2024 წლის 30 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ-კონგში და დაყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე.
„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ჰონგ-კონგის მხარეებს შორის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 28 მაისიდან მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
აღსანიშნავია, რომ სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ-კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.