არ ვიცი, რა შეიძლება იყოს იმაზე მძიმე ბრალდება, რაც ითქვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ის თაღლითები უნდა მოიშოროს თურმე ქართველმა ხალხმა. ეს თქვა ამერიკის სენატის წევრმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
„ამაზე მძიმე და ამასთან ახლოს მყოფიც კი არ გვითქვამს ჩვენ არასდროს. ამიტომ საკითხი არის პირიქით, როგორ შეგვხედავენ ჩვენ თვალებში, როცა ასეთი განცხადებები კეთდება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. შინ და გარეთ, ზოგიერთი ძალიან გაერთო რუსული სტილის ნარატივით, რომელიც ყოფს ხელისუფლებას და ხალხს. გვახსოვს უკრაინასთან მიმართებით რუსეთის დამოკიდებულება, რომ ცალკე არის მთავრობა, რომელიც უკრაინელ ხალხს არ წარმოადგენს. ზოგიერთი, შინაც და გარეთაც, ამ რუსული სტილის ნარატივით ძალიან გაერთო, როდესაც საუბრობენ ქართველ ხალხზე და თითქოს საქართველოს ხელისუფლება არის რაღაც გამჭვირვალე შუშა და იმის იქით ხედავენ ქართველ ხალხს.
საქართველოს ხელისუფლება არის ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული, ხალხის წარმომადგენელი. ამიტომ ერთადერთი, ვისთანაც საუბრობენ ქვეყნები ერთმანეთთან საუბრების დროს, ეს არის ხელისუფლება ხელისუფლებასთან. როცა ერთ ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ ესაუბროს მეორე ქვეყნის არა ხელისუფლებას, არამედ თავზე გადაახტეს და ესაუბროს ხალხს, ამას სხვა ტერმინოლოგია ჰქვია ისტორიაშიც და საერთაშორისო სამართალშიც. ხოლო რასაც ჰქვია ღირებულებები, ეს ასახულია ზუსტად გაერო-ს წესდებაში, რომელიც ამკვიდრებს ჩაურევლობის პრინციპს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სენატორმა ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურისდამი მიმართვისას თქვა: „ქართველი ხალხისა და მათი სურვილების შესახებ რასაც ამბობთ, თუ მართალია, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ოქტომბერში გააძევონ გაიძვერები“.