ისრაელმა ავიაიერიში განახორციელა ლიბანში ჰეზბოლას ასობით სამიზნეზე, რის შედეგადაც ლიბანის ხელისუფლების განცხადებით, დაიღუპა 492 ადამიანი, მათ შორის 35 ბავშვი, დაშავდა 1600-ზე მეტი ადამიანი.
როგორც Reuters-ი წერს, ლიბანის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ეს არის დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა 1975-1990 წლების სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ.
ორშაბათს, ისრაელის არმიამ დაიწყო ყველაზე მასშტაბური დარტყმები „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც კონფლიქტი გამწვავდა სამხრეთ ლიბანში, აღმოსავლეთ ბექაას ხეობაში და ჩრდილოეთ რეგიონში სირიის მახლობლად.
ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში „ჰეზბოლას“ 1300 ობიექტს დაარტყეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელელი სამხედროების სამიზნე ფრთოსანი რაკეტები, რეაქტიული ჭურვები და მოიერიშე დრონები იყო, რომლის საცავებიც განთავსებული იყო სოფლების შუაგულში, მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებში.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ „ჰეზბოლა“ ამ შეიარაღების გამოყენებას ისრაელის წინააღმდეგ აპირებდა და ამავდროულად, საფრთხეს უქმნიდა ლიბანელ ხალხს.