რეგიონული სამხედრო ესკალაცია არ შედის ისრაელის „საუკეთესო ინტერესებში, - ამის შესახებ განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე დაძაბულობის ზრდის პარალელურად, რაც აძლიერებს შიშს სრულმასშტაბიანი ომის შესახებ.
„ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ მათ საუკეთესო ინტერესებში შედის ამ სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია“, - თქვა კირბიმ და დასძინა, რომ შეერთებული შტატები ამას პირდაპირ აცნობებს ისრაელელ პარტნიორებს.
ისრაელი და ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ჩართული არიან თავდასხმების სწრაფად ესკალაციაში, მათ შორის არის ღამით ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა ჩრდილოეთ ისრაელზე, რომლის შედეგადაც ისრაელის არმიის თქმით, ასობით ათასი ადამიანი თავშესაფრებში გადავიდა.
„ახლა დაძაბულობა გაცილებით მაღალია, ვიდრე რამდენიმე დღის წინ იყო“, - თქვა კირბიმ.
თუმცა, მან დასძინა, რომ „ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ არსებობს დრო და სივრცე დიპლომატიური გადაწყვეტისთვის და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ“.
22 სექტემბერს, დილით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ლიბანში რადიკალური შიიტური მოძრაობის, „ჰეზბოლას“ სამიზნეებს დაარტყეს ლიბანიდან სარაკეტო დარტყმების შემდეგ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 22 სექტემბერს დილით, ჩრდილოეთ ისრაელში, ჰაიფას რაიონის წინააღმდეგ ლიბანიდან 85 რაკეტა ისროლეს.
ისრაელის საჰაერო თავდაცვამ რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა მიზანს მიაღწია. საერთო ჯამში „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 115 რაკეტა გაუშვეს.
ისრაელის სამაშველო სამსახურის ცნობით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიჭრა ჰაიფას რაიონში ლიბანის დაბომბვის შედეგად. გარდა ამისა, დაზიანდა რამდენიმე შენობა და მანქანა.
მანამდე, 20 სექტემბერს, ისრაელმა ავიაიერიში განახორციელა ბეირუთზე, რომელსაც ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 22 სექტემბრის დილისთვის სულ მცირე 45 ადამიანი შეეწირა.
ამავდროულად, მოკლეს „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის მეთაური იბრაჰიმ აქილი და რადვანის სპეცრაზმის სამხედრო ოპერაციების მეთაური აჰმედ მაჰმუდ ვაჰბი.
აქილისა და ვაჰბის სიკვდილი „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა. ამასთან, როგორც სააგენტო AP წერს, იერიშის მსხვერპლთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
შეგახსენებთ, ლიბანში 17 და 18 სექტემბერს „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერები და პორტატული რაციები მასობრივად აფეთქდა. შედეგად, სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 3000 დაშავდა.
„ჰეზბოლამ“ თავდასხმაში ისრაელი დაადანაშაულა, მაგრამ ისრაელის ხელისუფლებას ოფიციალურად არ აუღია უშუალო პასუხისმგებლობა ამ ოპერაციაზე.