საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ ხაზი გაუსვა საქართველოს ნაკრების წარმატებას და აღნიშნა, რომ ქართულ ფეხბურთს გულშემატკივრობს.
„მე პირველად ვარ საქართველოში. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც მოგზაურობ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხვდები „მილანის“ გულშემატკივრებს და ხედავ, თუ როგორ უყვართ ეს გუნდი. ამ თამაშში მონაწილეობა, ძველი დროის გახსენება და იმის ნახვა, თუ როგორ გამოიყურებიან ახლა ჩემი ყოფილი თანაგუნდელები, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის და ასევე ველოდები დღევანდელ თამაშს. ქართველ ფეხბურთელებს რაც შეეხება, ძალიან კარგი, პერსპექტიული თაობაა, რომლებიც არაერთ ძლიერ კლუბში თამაშობენ. ჩვენ, კახას დამსახურებით, ძალიან ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს და გისურვებთ წარმატებას“, - განაცხადა კაკამ.
მანვე გაიხსენა „მილანში“ კახა კალაძესთან ერთად თამაშის პერიოდი.
„მილანში“ სან პაულოდან გადავედი, სადაც ყველა ჩემი თანაგუნდელი ბრაზილიელი ან არგენტინელი იყო და უცებ აღმოვჩნდი ისეთ გუნდში, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ საუკეთესო ფეხბურთელები. ეს ძალიან დამეხმარა. კახა კალაძემ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. მართალია, ჩვენ სხვადასხვა პოზიციებზე ვთამაშობდით, თუმცა თამაშისა და ტაქტიკური განვითარებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, როცა ძლიერ მცველებთან ერთად თამაშობ გუნდში, „მილანის“ დაცვა კი საუკეთესო იყო ევროპაში. როცა გაქვს საშუალება, ჩამოხვიდე, მეგობრები ნახო და მათთან ერთად ითამაშო მოედანზე, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის“, - აღნიშნა კაკამ.
დღეს საქართველოს ვეტერანთა ნაკრები „მილანის“ ლეგენდებს დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.