საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ ვეტერანმა ფეხბურთელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე კახა კალაძემ ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად „მილანში“ თამაშის პერიოდი გაიხსენა და მადლობა გადაუხადა მეგობრებს საქართველოში სტუმრობისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში და დღეს, ქართველ გულშემატკივარს მიეცემა შესაძლებლობა, სანახაობრივი ფეხბურთი ნახოს.
რაც შეეხება „მილანს“, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მეთამაშა ისეთი ისტორიის კლუბში, როგორიც არის „მილანი“. საოცარი ათი წელი მქონდა. გუნდმა მაშინ ყველაფერი მოვიგეთ, რის მოგებაც შესაძლებელი იყო. „მილანის“ საქართველოში ჩამოსვლას ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. თითქოს წარსულში დავბრუნდი. ისევ ის პატარა კალა ვარ, როგორიც წლების წინ ვიყავი და ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მეგობრები, რომლებთან ერთადაც დიდ წარმატებას მივაღწიე, დღეს, ჩემთან ერთად არიან. უამრავი ქართველი გულშემატკივარი ღამეებს ათენებდა, რომ „მილანის“ თამაშები ენახა. თანაც, გახსოვთ, რომ მაშინ არ იყო ამდენი შესაძლებლობა, სოციალური მედია, ფეხბურთის ყურება ცოტა რთული იყო, ამიტომ, ჩემთვის დასაფასებელია, რომ ამდენი ადამიანი გულშემატკივრობდა მაშინდელ „მილანს“, ბიჭებს კი განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ დღეს აქ არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს საქართველოს ვეტერანთა ნაკრები „მილანის“ ლეგენდებს დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.