ჩვენი კოალიციის მიზანია, გაიხსნას ნარკორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც იქნება ხელმისაწვდომი ფასები და სადაც პროფესიონალები დაეხმარებიან ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, გაიარონ რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და საზოგადოებას ღირსეულ წევრებად დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოდამოკიდებული ადამიანები, ისევე როგორც ათასობით მოქალაქე, თავიანთი პრობლემების პირისპირ არიან დარჩენილი და სახელმწიფო მათ არ ეხმარება.
"ჩვენი ქვეყნის იმ ათასობით მოქალაქეს შორის, რომლებიც "ქართული ოცნების" მავნებლური პოლიტიკის გამო თავიანთ პრობლემებთან მარტო არიან დარჩენილი, არიან ასევე, ნარკოდამოკიდებული ადამიანები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისინი საზგადოებისგან გარიყულები იყვნენ.
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ? საჭიროა, ქვეყანაში არსებობდეს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელმისაწვდომი ცენტრები. დღეს თბილისში არსებული ამ პროფილის სარეაბილიტაციო ცენტრების მომსახურება არის იმდენად ძვირი, რომ ვერც წამალდამოკიდებულები, ვერც მათი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ საფასურის გადახდას.
შესაბამისად, ჩვენი კოალიციის მიზანია, მათ შორის, დედაქალაქში და რეგიონებში გაიხსნას ნარკორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც იქნება ხელმისაწვდომი ფასები და სადაც პროფესიონალები დაეხმარებიან ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, მიიღონ მკურნალობა, გაიარონ რეაბილიტაცია, რესოციალიზაციის პროგრამა და საზოგადოებას დაუბრუნდნენ მომავალზე ორიენტირებულ, ღირსეულ წევრებად. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ადამიანები ჩვენი ნაწილი არიან და ჩვენი ვალია, მათზე ვიზრუნოთ. მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ამ ადამიანებისთვისაც, მათი ოჯახის წევრებისთვისაც, რათა დავეხმაროთ და ისევ გავხადოთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე.